მთავარი ბლოგი თბილისის რომელ უბანში ჯობს ბინის შეძენა?

თბილისის რომელ უბანში ჯობს ბინის შეძენა?

cover image

თბილისის რომელ უბანში ჯობს ბინის შეძენა?

 ბედნიერი, ცოცხალი, მშვიდი, ქაოტური, მოწესრიგებული, აქტიური, სწრაფი, მოწყენილი... - ეს ზედსართავი სახელები ერთი შეხედვით ადამიანებს ახასიათებს, თუმცა თუ დააკვირდები, იგივე შეფასებებს ვიყენებთ ხოლმე ქალაქების აღსაწერად. ყველა მათგანს ინდივიდუალური განწყობა აქვს არა მხოლოდ მთლიანობაში, არამედ ცალკეულ უბანშიც კი. ამიტომ არ არსებობს უნივერსალური სტანდარტი საცხოვრებელის ადგილმდებარეობის შერჩევისას, მთავარია შენი სახლი შენზე მორგებულ უბანში მოძებნო. და რადგან ყველა ქალაქისთვის მოცემულობა სხვადასხვაგვარია, მოდით დღეს თბილისზე და მის უბნებზე ვისაუბროთ.

არსებობს რამდენიმე წესი, რომლების დაცვაც ყოველთვის დაგეხმარება სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილების მიღებაში იმასთან დაკავშირებით თუ რომელ უბანში უნდა დაიდო ბინა:

იწინასწარმეტყველე მომავალი 

ბუნებრივია, როცა საცხოვრებელს ვყიდულობთ, გვსურს რომ ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება ხელსაყრელი იყოს გრძელვადიან პერსპექტივაშიც. ამიტომ დააკვირდი შენი შერჩეული უბნის განვითარების პერსპექტივებს და წინასწარ განჭვრიტე როგორ შეიძლება ტრანსფორმირდეს გარემო - აშენდება შენს ირგვლივ ბერვი კორპუსი? არის შანსი რომ ხედი შეიცვალოს შენი ფანჯრიდან? რამდენად მომგებიანია 10-15 წლის შემდეგ ფლობდე უძრავ ქონებას კონკრეტულ ლოკაციაზე?

შეაფასე ინფრასტრუქტურა და საერთო კეთილდღეობები

დღეს თბილისის რამდენიმე უბანი შეგვიძლია ცალკეულ ქალაქადაც აღვიქვათ. მეტრო, აქტიური ტრანსპორტი, სავაჭრო მოლი, ბაზარი, საავადმყოფო თითქმის ყველა უბანშია. შენი ყოველდღიურობა უფრო კომფორტული იქნება თუ დღის განმავლობაში გადაადგილება მოკლე დისტანციებით მოგიწევს. ამიტომ განსაზღვრე პრიორიტეტები ზემოთხსენებული ჩამონათვალიდან და უბანიც იმის მიხედვით შეარჩიე, სადაც საჭირო ინფრასტრუქტურისა და დაწესებულებების კონცენტრაცია მაღალია

შენ როგორი ხასიათი გაქვს?

მეგობრად ალბათ ისეთ ადამიანებს ირჩევ, რომლების ხასიათს და ინტერესებსაც იზიარებ. ასევე უნდა აირჩიო უბანიც, სადაც ცხოვრებას აპირებ? როგორი ხარ შენ: ენერგიული თუ მშვიდი? მოწესრიგებული თუ ქაოტური? თავგადასავლების მძებნელი თუ სტაბილურობის მოყვარული? შეარჩიე შენი სახლის ადგილმდებარეობა, იგივე პრინციპით, როგორც პარტნიორს შეარჩევდი.

ახლა კი რაც შეეხება თბილისის უბნებს, რომლებიც ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. მოგიყვებით რამდენიმე ძირითადი უბნის შესახებ და თავად განსაზღვრეთ მათი ხასიათი:

ვაკე

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს დღეს, მე-XIX საუკუნეში უბნის სახელწოდება მისმა დაბალმა, დაცემულმა მდებარეობამ განაპირობა. XX საუკუნის 20-იან წლებში ვაკის ინტენსიური განაშენიანება დაიწყო და დასახლება გაიშალა მიმდებარე ფერდობებზეც. ამიტომაც ამ უბანში ბევრ ძველ შენობას შეხვდებით, თუმცა ვაკე არც ახლა უჩივის აქტიურ მშენებლობებს. უბანში, რომელშიც შერეულია ტრადიციული თბილისური და თანამედროვე არქიტექტურა, ჯერ კიდევ შემორჩენილია მეზობლობისა და ნაცნობი ურთიერთობების კულტურა, რაც სახასიათო ატმოსფეროს ქმნის. რეკრეაციული თვალსაზრისით ვაკის პარკი და მზიური უბნის მთავარი ღირებულებებია, რომლებიც ერთიორად ზრდის მის უპირატესობებს. 

საბურთალო

XVII-XVIII საუკუნეებში საბურთალო ქალაქის დაწინაურებული სასოფლო-სამეურნეო რაიონი იყო. მე-20 საუკუთეში კი მისი დაგეგმარება სრულიად შეიცვალა. მთავარი გამზირების გარდა, რაიონის საცხოვრებელი კორპუსები ძირითადად საბჭოთა არქიტექტურის და 21-საუკუნის მშენებლობების ნარევია. აქ ბევრ სტანდარტულად დაპროქტებულ სახლს შეხვდებით, თუმცა არჩევანში ნამდვილად არ შეიზღუდებით უამრავი ახალი კორპუსის მშენებლობის გამო. რელიეფური და ტერიტორიული თვალსაზრისით საბურთალო ყველაზე გაშლილი და კომფორტული უბანია ცენტრალურ თბილისში. და რადგან თბილისში სიმწვანის ნაკლებობაა, ამ უბანს აქვს მნიშვნელოვანი შედარებითი უპირატესობა - იპოდრომი, რომელიც ყველაზე დიდი მწვანე ზონაა ქალაქის შუაგულში.

სოლოლაკი

თუ გინდა თბილისის ძირძველი სული ყოველდღე იგრძნო, მაშინ სოლოლაკში უნდა იცხოვრო. აქ ჯერ კიდევ შემორჩენილია მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის თბილისური კულტურა, როცა საქართველო როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ძალიან სწრაფად ვითარდებოდა. აქ თითოული ძველ კარს, კიბეს, აივანს, ფანჯარას თავისი ხანგრძლივი ისტორია აქვს. სოლოლაკი ის შემთხვევაა, როცა სიძველე ბევრად ძვირად ფასობს ვიდრე სიახლე. უბანი ტოლერანტული და მრავალფეროვანია როგორც ეთნიკური ისე რელიგიური თვალსაზრისით. მანამ, სანამ მე-19 საუკუნეში სოლოლაკის დასახლების პროცესი დაიწყებოდა ტერიტორიაზე ქართველი წარჩინებულების ბაღები იყო გაშენებული.

დიდი დიღომი

დღეს დიდი დიღომი ზრდის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული უბანია. აუთვისებელი ტერიტორიების სიმრავლიდან გამომდინარე, დიღომი ყოველდღიურად ფართოვდება. განსაკუთრებით იზრდება კერძო სახლების რაოდენობა. ტერიტორია რელიეფურად ერთგვაროვანი და გაშლილია, ამიტომაც ეს უბანი ერთ-ერთი ყველაზე ქარიანი ადგილია თბილისში.

დიდი დიღომი თბილისის გასასვლელთან ყველაზე ახლოს მდებარე უბანია, ამიტომ თუ ხშირად გიწევს დასავლეთისკენ მგზავრობა შესაძლოა ეს შენთვის კომფორტული ადგილი იყოს. თუმცა, გაითვალისწინე, რომ რამდენიმე წელში უბანი შეიძლება ბევრად უფრო მჭირდროდ დასახლებული გახდეს.

დიდუბე

ეს თბილისის ყველაზე ცხელი და ჩავარდნილი უბანია. დიდუბის გაშლილი ველები განაშენიანებამდე გამოიყენებოდა ცხენოსნობისათვის. XIX საუკუნეში აქ ხშირად იმართებოდა ჯირითი, სხვადასხვა აღლუმები. დღეს უბნის 2 მთავარი წერტილი ბაზრობებთან ერთად დიდუბისა და ვაგზლის სადგურებია რომლებშიც თავს იყრის ქალაქში შემომსვლელ-გამსვლელთა უმეტესი ნაწილი. სადგურებს ერთმანეთთან აკავშირებს წერეთლის გამზირი, რომელიც ასევე ხმაურიანია. თუმცა, მისი განაპირა ქუჩები უჩვეულოდ წყნარია ცენტრალურ გამზირთან შედარებით. აქა-იქ დიდუბეშიც შეხვდებით ძველ სახლებს, თუმცა დიდი ნაწილი მაინც საბჭოთა კორპუსებს უჭირავს. აქ მდებარეობს თბილისის მთავარი სტადიონი, რომელიც პერიოდულად უბანში ხალხმრავლობის კიდევ ერთი საფიძველი ხდება.

ჩუღურეთი

 დიდუბის გასწვრივ მტკვრის დინების მიმართულებით მდებარეობს თბილისის კიდევ ერთი ძველი უბანი ჩუღურეთი, რომლის ნაწილებსაც, როგორც წესი, მოიხსენიებენ ტოპონიმების სახით: ოქროსუბანი, პლეხანოვი, ვარანცოვი... თბილისის ეს უბანი თავისი მჭირდრო დასახლებით და ვიწრო ქუჩებით კულტურულად მრავალფეროვანი და საინტერესოა. აქ ძირითადად იტალიურ ეზოებს და კერძო სახლებს შეხვდებით. 

გლდანი

 დედაქალაქის ეს გარეუბანი თავისუფლად შეგვიძლია აღვიქვათ როგორც დამოუკიდებელი ქალაქი, რომელსაც თავისი ცხოვრების ტემპი აქვს. მასივი ფაქტობრივად სრულად ათვისებულია საბჭოთა პროექტებით, რომლების ბინებსაც თავისი უპირატესობა აქვს მდგრადობის და ფართის სახით. თუ სახლის ფართობი შენთვის #1 უპირობო პრიორიტეტია, აქ შეიძლება ბევრად დიდი ბინა ბევრად იაფად შეიძინო ვიდრე ქალაქის ცენტალურ უბნებში. გლდანს აქვს თავისი მეტრო, სავაჭრო ცენტრი, ბაზარი, თითქმის ყველანაირი დაწესებულება... მოსახლეობის სიმჭირდროვის თვალსაზრისით, ეს ერთ-ერთი ხალხმრავალი ადგილია.

გაიგე შენი იპოთეკური სესხის ლიმიტი: