მთავარი ბლოგი რჩევები ბავშვის ოთახის დაგეგმვისთვის

რჩევები ბავშვის ოთახის დაგეგმვისთვის

cover image

რომელი ოთახი იცვლის ყველაზე ხშირად დანიშნულებას ჩვენს სახლებში? სივრცე რომელიც ხან საწყობად გამოიყენება, ხან სახელოსნოდ და ხანაც კაბინეტად, ერთ დღესაც ბავშვების საძინებლად გადაიქცევა ხოლმე. გზადაგზა პატარების ოთახი მათ ზრდასთან ერთად იცვლის ფერებს, ნივთებს, ავეჯს. მოკლედ, შეიძლება ითქვას ეს ოთახი ყველაზე დიდ ტრანსფორმაციას განიცდის წლების განმავლობაში.

თუმცა, სანამ ტრანსფორმაციებამდე მივალთ, ისიც უნდა ითქვას მისი პირველი მოწყობა განსაკუთრებულ სიხარულთან და ბედნიერ მოლოდინთანაა დაკავშირებული. ხშირად ამ ოთახის არსებობის საჭიროება ახალი სახლის შეძენის საფუძველიც კი ხდება. ამიტომ, ქვემოთ გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც დაგეხმარება ბავშვის სივრცის დაგეგმვაში.

მნიშვნელოვანია ხარისხი და არა რაოდენობა

ხშირად როცა ბავშვის სათამაშოებს ან მისი ოთახისთვის დეკორაციას ვარჩევთ, ვცდილობთ რაც შეიძლება მრავალფეროვანი და ბევრი ნივთი შევიძინოთ. როცა ბავშვი ცოტა წამოიზრდება, გვინდა მისი ყველა სურვილი შევასრულოთ და ვიყიდოთ ყველაფერი რაც მას მოუნდება. არადა, უმჯობესია გვქონდეს მცირე რაოდენობის, მაგრამ ხარისხიანი სათამაშოები და დეკორაციები, რომლებსაც თავიანთი ისტორია, ხასიათი ექნებათ და დროს გაუძლებენ. ასე ბავშვებსაც უფრო ჯანსაღი დამოკიდებულება უყალიბდებათ თავიანთი ნივთების მიმართ და სწავლობენ მათ მოფრთხილებას.

 

ორგანიზება გაუკეთეთ ბავშვის ტანსაცმელს და ატრიბუტებს

ბავშვს დღის და ღამის განმავლობაში არაერთხელ სჭირდება გამოცვლა. კარგად ორგანიზებული გარდერობი და ადგილი სადაც მას გამოუცვლი, გაასუფთავებ და მოაწესრიგებ, ერთიათად გაგიმარტივებს ყოველდღიურობას. მნიშვნელოვანია ყველაფერი დახარისხებული გქონდეს. შეავსეთ პირველი უჯრები იმით, რისი გამოყენებაც ახლა შეგიძლიათ. იქვე იქონიე კალათა დასვრილი ქვეშაგების და ტანსაცმლისთვის, რომ ბავშვის გასარეცხი ნივთები განცალკევებულად ინახებოდეს უფროსებისგან.

 

მოაწყვე „ოთახი“ ოთახში

ალბათ ყველას საყვარელი ადგილი ბავშვობაში ყველაზე მყუდრო, პატარა სივრცეები იყო ფარდის უკან თუ მაგიდის ქვეშ. უკვე რამდენიმე წლის მოზრდილი ბავშვებისთვის პატარა „კარავი“ ან შტაბისმაგვარი ადგილი თავიანთ ოთახში ნამდვილი სამოთხეა - ადგილი, სადაც მათ მაქსიმალური დაცულობის და სიმყუდროვის შეგრნება აქვთ და რაც მთავარია, სადაც თავიანთი თავის ბატონ-პატრონები არიან.


 

გამოყავი ადგილი ბავშვის შემოქმედებით განვითარებისთვის

დროთა განმავლობაში, ბავშვის ზრდასთან ერთად მისი ინტერესებიც იკვეთება - ხატვა, მუსიკა, სპორტი... გამოყავი ოთახში ადგილი, რომელიც მისი სამუშაო სივრცე იქნება. მიუდექი ამ ადგილს სერიოზულად და შეავსე ის ყველა საჭირო ნივთით, რომ ფანტაზიამ მაქსიმალური გასაქანი იპოვოს.


დატოვე სივრცე ცვლილებებისთვის

მართალია ახლა დღევანდელი დღით ხარ გატაცებული, მაგრამ წინდახედულობა არასდროსაა ცუდი. რამდენიმე წელში პატარა საწოლის უფრო დიდით ჩანაცვლება, დეკორაციების შეცვლა და ავეჯის გადალაგება მოგიწევს. მნიშვნელოვანია, იფიქრო გრძელვადიან პერსპექტივაში, დატოვოთ სივრცე განვითარებისთვის და ამით თავიდანვე გაიმარტივოთ საქმე.

 

აითვისეთ ჭერი

ჭერი ოთახის ის ნაწილია, რომელსაც ახალდაბადებული ბავშვი ყველაზე ხშირად ხედავს დღის განმავლობაში. მისი საშუალებით ოთახში დამატებითი პერიმეტრი ჩნდება დეკორაციისთვის. თუ სხვა შემთხვევაში ბავშვის ოთახში კედლის დეკორაციას გააკეთებდი, დაფიქრდი, იქნებ ჭერი უფრო კარგი ადგილია ამისთვის? ასე სივრცესაც დაზოგავ და მიზანიც უფრო ადვილად შესრულდება. გაითვალისწინე რომ შეარჩიო მშვიდი და ნეიტრალური ფერები, რომლებიც წლებს გაუძლებს.


ყოველთვის ჰკითხე ბავშვს

იმ ასაკიდან, როდესაც ბავშვი კითხვებზე პასუხის გაცემას და საკუთარი სურვილების დაფიქსირებას შეძლებს, ოთახში ნებისმიერი ცვლილება მასთან შეათანხმე. აარჩევინეთ ფარდების და კედლების ფერები, ავეჯი, დეკორაციები... აქციეთ ოთახის მოწყობა და ორგანიზება მისთვის საინტერესო პროექტად. მიეცი საშუალება, რომ მისი სივრცე მას გავდეს და მაქსიმალურად აირეკლოს შენი შვილის შინაგანი სამყარო.

იყავი ეკომეგობრული

როცა საქმე ბავშვის ოთახს ეხება აქ ეკომეგობრულობა არა მხოლოდ გარემოს მოფრთხილებას, არამედ ბავშვისთვის აუცილებელი ეკოლოგიური სისუფთავის შენარჩუნებას ნიშნავს. სამწუხაროდ დღემდე ბევრი სათამაშო, დეკორაცია თუ ავეჯი, რომლებსაც ბავშვებისთვის იყენებენ ხოლმე სავსეა უსიამოვნო ქიმიკატებით, რომლებიც შეიძლება პატარისთვის საზიანო აღმოჩნდეს. ასე რომ ყურადღება მიაქციე მასალას, რომლითაც თითოული ნივთია დამზადებული.