მთავარი ბლოგი როგორ გამოვიყენოთ ფერები სწორად ინტერიერის დიზაინში?

როგორ გამოვიყენოთ ფერები სწორად ინტერიერის დიზაინში?

cover image

დაკვირვებიხარ, რომ ფერებს გავლენა აქვს შენს ემოციებზე? იმის გარდა, თუ როგორ გამოიყურება ესა თუ ის ფერი, მნიშვნელოვანია იცოდე თუ როგორ ზემოქმედებენ ისინი შენს ფიქრებსა და გრძნობებზე.

ფერების ფსიქოლოგია ფართოდ გამოიყენება ბრენდინგსა და მარკეტინგში, მაგრამ ასევე მძლავრი იარაღია ინტერიერის დიზაინში. ინტერიერის ხასიათის შექმნაში ფერს ნებისმიერ სხვა ფაქტორზე დიდი როლი აქვს. ასე რომ, სახლის მოწყობისას იფიქრე თუ როგორი ატმოსფეროს შექმნა გსურს თითოეულ ოთახში და რომელი ფერებით შეგიძლია მიაღწიო შედეგს.


ვარდისფერი

ინტერიერში ვარდისფერი ხშირად მხოლოდ ვიწრო დანიშნულებით პატარა გოგონების ოთახებისთვის გამოიყენება. არადა, ეს საკმაოდ დელიკატური და ლამაზი ფერია, რომლის ტონები ძალიან ეფექტური შეიძლება იყოს თითქმის ყველა ოთახში.

მონაცრისფრო-მოვარდისფრო ელფერს შეუძლია შეარბილოს ნებისმიერი სივრცე, ხოლო მუქი ტონმა გ ფემინური დრამატულობა შემოიტანოს. კარგი იქნება, თუ ვარდისფერს მისცემ შანსს, უფრო მრავალფეროვნად იყოს წარმოდგენილი შენს სახლში.


თეთრი

თეთრი - სისუფთავისა და სიწმინდის ფერი. სკანდინავიური დიზაინის პოპულარობის ზრდასთან ერთად, უფრო და უფრო მეტი დიზაინერი იყენებს თეთრს კედლებსა და ავეჯზე. ინტერიერში თეთრი თანამედროვეობასთან ასოცირდება, მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება იყოს ძალიან ცივი და უნაყოფო, თუ სწორ კომბინაციაში არ გამოიყენებ.



მწვანე


რა უნდა იყოს ბალანსისა და ჰარმონიის ფერი, თუ არა მწვანე. ღრმა ზურმუხტისფერი განსაკუთრებულად ელეგანტურია ინტერიერში, ხოლო ღია მწვანე ასტიმულირებს შემოქმედებითობას და გეხმარება კონცენტრირებაში. ის იდეალური ფერია კედლებისთვის ისეთ სივრცეებში სადაც საჭიროა გონების გახსნა. მწვანე ფერის გამოყენება რეკომენდებულია სამუშაო ოთახსა და სამზარეულოში. ინტერიერში „ბუნების ფერის“ ბუნებრივი ფორმით არსებობა საუკეთესო არჩევანია. თუ განტვირთვა გსურს და გინდა რომ სამყაროსთან შენი ჰარმონია არასდროს გაწყდეს, მწვანე მცენარეები შენი სახლის ყველაზე ძვირფასი ბინადრები გახდებიან.


შავი

ისევე როგორც ტანსაცმელში, შავი ინტერიერშიც დახვეწილობასა და ელეგანტურობას უკავშირდება. თუმცა ბევრი შავი იდუმალებას და დრამატულობას აღძრავს. ასეა თუ ისე შავი უკვდავი ფერია და ის ყოველთვის კარგი გამოსავალია როცა ფერებს შორის არჩევანის გაკეთება რთულდება.


ლურჯი

ლურჯი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერა იმ ფერთა პალიტრაში, რომელსაც პოზიტიური ფსიქოლოგიური ეფექტი აქვს. მისი მკვეთრი და თამამი შეფერილობები, როგორებიცაა მუქი ლურჯი და სამეფო ცისფერი დაკავშირებულია ისეთ თვისებებთან და მახასიათებლებთან, როგორებიცაა ერთგულება, ნდობა, მშვიდობა და წარმატება. ლურჯის უფრო მსუბუქი ტონები ინტერიერში სიმშვიდის შეგრძნებას იწვევს, შესაბამისად ხშირად გამოიყენება საძინებელში, აბაზანაში და ოთახებში, რომლებიც განტვირთვასთან ასოცირდება.


ყავისფერი

ყავისფერი აქცენტები, როგორებიცაა ხის ტონები, ტყავი და სხვა ბუნებრივი ელემენტები, შესანიშნავი გზაა სიმყუდროვის შესაქმნელად და სივრცის „გასათბობად“. სახლში, რომელშიც ეს ფერია გამოყენებული, ფეხის შებიჯებისთანავე იგრძნობა შინაურული, თბილი აურა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ხესთან გვაქვს საქმე. ყავისფერი ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი ფერია დიზაინში და მისი მრავალი კომბინაციებით გამოყენება შეიძლება. თუ გინდა, რომ შენი სახლის დიზაინი არ დაძველდეს, გამოიყენე ყავისფერი.



ნაცრისფერი

და ბოლოს, ფერი რომელიც ყველაზე უპრეტენზიო და ნეიტრალურია. ფერების ფსიქოლოგიაში ნაცრისფერი მოიაზრება, როგორც ინტელექტის, სიწყნარის და სამყაროზე დაკვირვების ფერი. ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, აქაც დიდი მნიშვნელობა აქვს მის ტონებსა და დოზირებას - ის შეიძლება იყოს რბილი და დელიკატურიც (ღია ტონები) და ძლიერი და მტკიცეც (მუქი ტონები). პრაქტიკულობის თვალსაზრისით ნაცრისფერი იატაკი, კედლები და ავეჯი ყველაზე კომფორტულია.

იისფერი

იისფერი ღრმა ემოციების, ფანტაზიების და შემოქმედებითობის ფერია. მეწამული ინტერიერში ფუფუნებაზე მიანიშნებს და შესაბამისად მდიდრულობას ჰმატებს სახლს. ეცადე ეს ფერი კონცენტრირებულად და მოზომილი რაოდენობით გამოიყენო. თუ გინდა, რომ რამემ განსაკუთრებული ყურადღება მიიქციოს შენს სახლში, იისფერი ამას ნამდვილად მოახერხებს.


ყვითელი

გასაკვირი არ არის, რომ ყვითელი სიხარულს, ოპტიმიზმს და ენერგიას უკავშირდება. მისი გამოყენება საუკეთესო საშუალებაა სახლის ბნელ ადგილებში სინათლის შემოსატანად და სივრცის აღსაქმელად. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ყვითელი ფერი აღვიძებს კომუნიკაციის სურვილს ადამიანებს შორის, შესაბამისად ერთ-ერთი კარგი ფერია მისაღები ოთახისთვის. თუმცა, ბევრმა ყვითელმა შეიძლება გაღიზიანება და სტრესი გამოიწვიოს.