რჩევები, რომლებიც უნდა გაითვალისწინო სახლის შეძენისას
ბოლო პერიოდის განმავლობაში სახლის როლი ერთი ათად გაიზარდა ჩვენს ცხოვრებაში - ამ სივრცეში გადმოინაცვლა თითქმის ყველაფერმა, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ. საცხოვრებლის კომფორტი და მოხელთებულობა, რომელიც ისედაც მისი უპირველესი მახასიათებლებია, დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა.
ოჯახის ენა, განწყობა, ხმა, სუნი - ყველაფერი რაც ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასია სახლს უკავშირდება. ეს ადგილია, სადაც ყველაზე ნამდვილი და თავისუფალი ხარ, დადიხარ წინდების ამარა და აკეთებ იმას, რაც გინდა.
სახლის შეძენა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელსაც ცხოვრებაში ვიღებთ. ზოგჯერ თვეები გვჭირდება არჩევანის გასაკეთებლად თუ სად, რა ფართობის, რამდენ ოთახიანი, როგორი განლაგების ბინა გვინდა. ხანდახან წინასწარ წარმოსახვაში გვაქვს დახატული ჩვენი ოცნების სახლი. ოცნების ახდენა კი არც ისე მარტივია, რადგან ზუსტი ანალოგის პოვნა თითქმის წარმოუდგენელია, ამიტომ, უმჯობესია რეალისტური წარმოდგენა გვქონდეს და მაქსიმალურად რაციონალური გადაწყვეტილება მივიღოთ. თუმცა, ისევე როგორც ცხოვრების სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, სახლის ყიდვასაც სჭირდება სულ ცოტა სითამამე და უწყინარი ახირება, რომლის ასრულება შენს ახალ საცხოვრებელს ოცნების სახლს მიამსგავსებს.
გიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომლის შესრულებაც, იმედი გვაქვს, დაგეხმარებათ საუკეთესო არჩევანის გაკეთებაში:
• გააკეთე წინასწარი მოკვლევა
მანამ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ, აუცილებლად შეისწავლე უძრავი ქონების ბაზარზე არსებული მდგომარეობა, მიიღე მაქსიმალურად დიდი ინფორმაცია სამშენებლო კომპანიის შესახებ, გაარკვიე სამშენებლო და სარემონტო მასალების ხარისხი და ფასები... ასეთ დროს გამოცდილი მეგობრების რჩევა აუცილებლად გამოგადგება, ასე რომ მოუსმინე მათ, თუმცა საბოლოო არჩევანი თავად გააკეთე.
ბაზრის მოკვლევის ეტაპი აგარიდებს პოტენციურ შეცდომებს და მოგცემს ცოდნას, რომელიც შემდგომი ნაბიჯების სწორ კალაპოტს განგისაზღვრავს. ასე რომ, დაუთმე შენი დრო ამ მნიშვნელოვან ეტაპს.
• განსაზღვრე ხარჯები და შეადგინე ბიუჯეტი
სახლის ყიდვა იმ დიდ გადაწყვეტილებებს შორისაა, რომელსაც ორგანიზებულობა სჭირდება. როგორც კი საცხოვრებლის შეძენაზე ფიქრს დაიწყებ, კარგი იქნება, თუ შენი ასისტენტი ტრელოს პლატფორმა ან ექსელი გახდება, რომელშიც გაწერ შენს გეგმებს, ამოცანებს და ყველა მოსალოდნელ ხარჯს. არ დაგენანოს ფული ხარისხში, რადგან ხარისხი მრავალწლიანი სიმშვიდის გარანტიაა. მართალია შენს დაგეგმილ მოქმედებებსა და ბიუჯეტში ხშირად შევა ცვლილებები, მაგრამ ყველაფრის აღრიცხვა მეტი კონტროლისა და თვითორგანიზების საშუალებას მოგცემს.
• „გააფერადე რუკის სასურველი ტერიტორია“
ცენტრში ან გარეუბანში - თუ უხეშად დავყოფთ, ძირითადად ასე განისაზღვრება ხოლმე სახლის მდებარეობა. როგორც წესი, ყველაზე კარგად ის ვიცით, სად გვინდა ცხოვრება. ეს გადაწყვეტილება სიტუაციას საკმაოდ ცვლის. მოიფიქრე, რა უფრო პრიორიტეტულია, ახლოს იცხოვრო შენს სამსახურთან, მეგობრებთან, ნათესავებთან, კოლეგებთან თუ გირჩევნია სახლი მოშორებული იყოს შენი გარეთ გატარებული ყოველდღიურობისგან. როცა არჩევანს ცენტრში ცხოვრებაზე აკეთებ, გახსოვდეს, რომ კარგად უნდა შეამოწმო შენი საცხოვრებელი ადგილი ზედმეტად ხმაურიანი და მტვრიანი არ იყოს.
• გახსოვდეს, რომ კვადრატულობასთან ერთად, მნიშვნელოვანია პროექტი
ერთი გეომეტრიული ფიგურის დაყოფის უამრავი ვარიანტი არსებობს. ასეა სახლიც. დიდი ფართი შეიძლება უმნიშვნელო გახდეს, თუ სახლი სწორად არ არის დაგეგმილი. პროექტი კი იმდენად არის კარგი, რამდენადაც შეესაბამება ის შენი და შენი ოჯახის ცხოვრების წესს: დაფიქრდი რომელ ოთახებში ატარებ ყველაზე დიდ დროს, გჭირდება თუ არა იზოლირებული სამუშაო სივრხე, ხშირად ამზადებ თუ არა სადილს სახლში, ხშირად გყავს თუ არა ბევრი სტუმარი... ეს ინფორმაცია დაგეხმარება, განსაზღვრო თუ დაახლოებით რა შეფარდება უნდა იყოს ოთახების ზომებს შორის, გჭირდება თუ არა ცალკე ოთახი სამზარეულოსთვის და ა.შ.
• განათება განსაზღვრავს შენი სახლის ხასიათს
არ არსებობს ხელოვნური განათება, რომელიც მზის სხივებს ჩაანაცვლებს. საცხოვრებლის განწყობა და აურა დიდწილად განათებაზეა დამოკიდებული, რომელიც ყოველი გაღვიძებისას მოქმედებს შენს ხასიათზე. დააკვირდი საიდან ამოდის მზე, რომელ ოთახებს უდგება ამომავალი მზე, რომლებს - ჩამავალი. თუ სახლი ჯერაც არ არის დაპროექტებული, გაითვალისწინე განათება და მისი კონცენტრაციის მიხედვით განსაზღვრე ოთახების განლაგება.
რეკომენდებული
როგორ გადავანაწილოთ მცენარეები ოთახებში?
შენს სახლში ყველა ოთახი იმსახურებს ბუნებრივ სიმწვანეს, საძინებელი ოთახიდან დაწყებული, აბაზანით
რჩევები ბავშვის ოთახის დაგეგმვისთვის
რომელი ოთახი იცვლის ყველაზე ხშირად დანიშნულებას ჩვენს სახლებში?
როგორ გამოვიყენოთ ფერები სწორად ინტერიერის დიზაინში?
მნიშვნელოვანია იცოდე თუ როგორ ზემოქმედებენ ფერები შენს ფიქრებსა და გრძნობებზე
2024 ყველა უფლება დაცულია
ქუქების პარამეტრები
კონფიდენციალურობა